სასარგებლო წიაღისეული


ბულგარეთი წიაღისეული რესურსებით ღარიბი ქვეყანაა. ამ რესურსების მოპოვება და დამუშავება ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელო ადგილს იკავებს. საწვავი წიაღისეულის წამყვანი სახეობა ქვანახშირია. ამ მარაგის 92%-ი მურა ქვანახშირია, რაც დაახლოებით 5-10 მილიარდ ტონას შეადგენს.
ძირითადი საბადოები, სადაც მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობს მდებარეობს სოფიის ოლქსა და მდინარე მარიცის დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში. გარდა ამისა ქვეყანას მურა ქვანახშირის 40-მდე უმნიშვნელო საბადო გააჩია. სვოგის მიდამოებში მცირე ოდენობით მოიპოვებენ ანტრაციტს. სათბობ-ენერგეტიკული რესურსების სიმცირის გამო ქვეყანა ახორციელებს დიდი რაოდენობით გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტს.
სრედნა-გორასა და სოფიის მხარეში მოიპოვებენ ურანს. არსებობს რკინის მადნის უმნიშვნელო საბადოები, რომლებიც მინარევების სახით შეიცავენ მაგნიუმს, ქრომს, მოლიბდენს. ქვეყნის რკინის საბადოების საერთო რაოდენობა შეადგენს სულ რაღაც 10 მილიონ ტონას.სამეურნეო დანიშნულება აქვს ცინკის, ტყვიისა და სპილენძის საბადოებს.
სტარა-პლანინას მთებში ოქროს, როდოპის მთებში კი - ვოლფრამისა და ბისმუთის საბადოებია.
რელიეფისა და კლიმატის მრავალფეროვნებამ განაპირობა ნიადაგისა და მცენარეული საფარის მრავალფეროვნება. დუნაის დაბლობზე გავრცელებულია შავმიწა და ტყის რუხი ეწერი ნიადაგები. სტარა-პლანინას მთების ჩრდილოეთით გვხვდება ყავისფერი შავმიწები, ხოლო მთიან რეგიონებში ტყის რუხი ნიადაგები.
ნიადაგების მაღალი ნაყოფიერება განპირობებულია ქვემო დუნაის დაბლობზე გავრცელებული შავმიწა ნიადაგებით, რომელის სტრუქტურა ფოროვანია, ტენიანობა მაღალი და შეიცავს დიდი რაოდენობით ჰუმუსს.
ბოლო დროს შეიმჩნევა ნიადაგების ნაყოფიერების შემცირება, რისი მიზეზიც მთელ რიგ რაიონებში ნიადაგის ეროზია და სასუქების არარაციონალური გამოყენებაა.